გალერეა

Kinect – დღე 1.

კინეკტი-დღე 1­­­.  

Microsoft Kinect წარმოადგენს უკონტაქტო სენსორს, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო Microsoft -ის სათამაშო კონსოლ Xbox 360  -თან ერთობლივი მუშაობისათვის და საშუალებას აძლევდა მოთამაშეს ეთამაშა სათამაშო ბლოკთან კონტაქტის გარეშე, ხმოვანი ბრძანებებისა და  ჟესტების გამოყენებით. სენსორი ბაზარზე პირველად გამოჩნდა 2010 წლის ბოლოს და პირველ 2 თვეში მისი გაყიდვების რაოდენობამ 10 მილიონ ცალს მიაღწია.

kinect1

2012  წლიდან ფირმა Microsoft შეუდგა კინეკტის გამოშვებას Windows ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერებისათვის – Kinect for Windows, რომელსაც რამდენადმე გაუმჯობესებული მახასიათებლები გააჩნია.

kinect2

კინეკტი წარმოადგენს რამოდენიმე სენსორისაგან შედგენილ კომპლექსს და შეიცავს ფერადი გამოსახულების ვიდეოკამერას, ინფრაწითელი დიაპაზონის ვიდეოკამერას, ინფრაწითელი გამოსხივების პროჟეტორს და ოთხი მიკროფონისაგან შედგენილ აუდიო სენსორს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პროგრამულად მართული ელექტროძრავი, რომელიც კორპუსის ვერტიკალური დახრის კუთხის საჭიროებისამებრ ცვლილების საშუალებას იძლევა.

kinect3

ინფრაწითელი გამოსხივების პროჟექტორი და ინფრაწითელი ხედვის ვიდეოკამერა ერთობლიობაში ქმნიან გამოსახულების სიღრმითი ხედვის სამგანზომილებიან (3D) სენსორს. ეს სენსორი ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს – იგი იძლევა გამოსახულების თითოეული წერტილის სენსორიდან დაშორების განსაზღვრის საშუალებას და ამ ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ადამიანის სხეულის ნაწილების იდენტიფიკაციას.
მიკროფონების კომპლექსი ახორციელებს ხმოვანი სიგნალების წყაროს მიმართულებისა და დაშორების განსაზღვრას.
და ბოლოს, ყველაფერ ამას მართავს კინეკტის გული – ფირმა Prime Sense -ის მიკროჩიპი.

kinect4

kinect5

kinect6

kinect7

Kinect სენსორის მუშაობისთვის აუცილებელია +12 ვოლტი ძაბვი წყარო, რომელიც მინიმუმ 1.5 ამპერ დენის ძალაზეა გათვლილი. ვინაიდან კომპიუტერის USB პორტში კომპიუტერიდან გამოდის მხოლოდ +5 ვოლტი ძაბვა, კინეკტის ასამუშავებლად საჭირო ხდება დამატებითი კვების წყაროს მიერთება. თუ თქვენ შეიძინეთ Kinect for Windows, მაშინ ყველაფერი წესრიგშია – დამატებითი კვების წყარო კომპლექტში შედის. თუმცა აქაც შეიძლება მოულოდნელობას წააწყდეთ – კვების წყარო შეიძლება 110 ვოლტის ქსელიდან კვებისათვის იყოს განკუთვნილი, რადგან ძირითადად სწორედ ასეთია ამერიკული სტანდარტი. Kinect 360 -ის შემთხვევაში საქმე გაცილებით უფრო რთულადაა. მისი USB შესაერთებელი სულაც არ არის ჩვეულებრივი USB და კომპიუტერის USB პორტს არ უერთდება . ქვემოთ ფოტოზე ნაჩვენებია ჩვულებრივი USB (მარცხნივ) და კინეკტის შესაერთებელი კაბელის ბოლო.

kinect-usb

პირველ მათგანს ოთხი გამომყვანი აქვს, მეორეს – ხუთი. კომპიუტერის USB გამომყვანების დანიშნულება ასეთია: 1- “+5ვოლტი“, 2 – “-Data”, 3- “+Data”, 4- “Gnd საერთო გამომყვანი(მიწა)” .

kinect-usb4

კინეკტის კაბელის დაბოლოებას დამატებით მეხუთე გამომყვანი აქვს +12 ვოლტის კვების წყაროსთან მისაერთებლად.
პრობლემის გადაჭრა ორი გზით შეიძლება:
1. ვიყიდოთKinect Power Adaptor (მიაქციეთ ყურადღება, რომ 220 ვოლტი ქსელიდან მუშაობდეს).

kinect ac adaptor2

2. გავაკეთოთ ჩვენ თვითონ.
ამისათვის საჭიროა კინეკტის კაბელი, მისი დაბოლოების სიახლოვეს, 5-6 სანტიმეტრის სიგრძეზე ფრთხილად გავათავისუფლოდ რეზინის იზოლაციისაგან, ისე, რომ შიდა მავთულები არ დავაზიანოთ. იზოლაციის ქვეშ გამოჩნდება ხუთი სხვა და სხვა ფერის მავთული. ავიღოთ ჩვეულებრივი USB კაბელი, გადავჭრათ და ასევე 5-6 სანტიმეტრის სიგრძეზე გავათავისუფლოთ იზოლაციისაგან. ამ კაბელის და კინეკტის კაბელის ერთი ფერის მავთულები შევაერთოთ ერთმანეთთან და შეერთების ადგილები გადავახვიოთ საიზოლაციო ლენტით. ამგვარად შეერთებული აღმოჩნდება ოთხი ფერის მავთული – შავი, მწვანე, თეთრი და წითელი.  კინეკტის მეხუთე – რუხი ფერის მავთული შეუერთებელი რჩება.  ახლა უნდა ავიღოთ კომპიუტერის SATA ვინჩესტერის კვების წყროსთან მისაერთებელი გადამყვან – დამაგრძელებელი. ასეთ გადამყვან დამაგრძელებელს ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიასა თუ სახელოსნოში გაჩუქებენ.

sata

შავი ფერის დაბოლოვება არ გვჭირდება – ვაჭრით. არ გვჭირდება, აგრეთვე წითელი ფერის მავთული და ერთ-ერთი შავი ფერის მავთული (სულ ერთია, რომელი) – მათაც ვაჭრით.  დარჩენილ შავი ფერის მავთულს ვაერთებთ კინეკტის კაბელის შავი ფერის მავთულთან, ხოლო ყვითელი ფერის მავთულს – კინეკტის რუხი ფერი მავთულთან.

kinect-usb5-1

სულ ეს არის.  ახლა კინეკტი შეგვიძლია მივაერთოთ როგორც Xbox-თან, ასევე კომპიუტერთან. კომპიუტერთან შეერთებისთვის საჭიროა გავხსნათ კეისი (კომპიუტერის ყუთი) და ჩვენი ახლად დამატებული შემაერთებელი მივუერთოთ კომპიუტერი კვების წყაროს თავისუფალ გამომყვანს, ხოლო USB დაბოლოება – კომპიუტერის USB ბუდეს.
ყოველივე ზემოთ თქმული, რა თქმა უნდა არ  ეხება ლეპტოპებს და ნოუტბუკებს, ვინაიდან მათი კვების ბლოკებთან მიღწევა შეუძლებელია.
კინეკტის კომპიუტერთან მიერთების პრობლემის გადაჭრა სულაც არ ნიშნავს, რომ კინეკტი ჩართვისთანავე დაიწყებს მუშაობას. საჭიროა კიდევ ერთ ერთი მთავარი რამ – დრაივერები, მაგრამ ამაზე შემდგომ.
კინეკტი – დღე 2 . . .

დატოვეთ კომენტარი