გალერეა

მოდელირებიდან – მაკეტირებაზე

სქემა შედგენილია. პროგრამა დაწერილია. სქემის და პროგრამის Proteus -ში მოდელირება-სიმულაციამ გვაჩვენა, რომ ყველაფერი წესრიგშია. მიკროკონტროლერი დაპროგრამებულია. რა არის შემდეგი ნაბიჯი?
შემდეგი ნაბიჯი არის რეალური ფიზიკური სქემის აწყობა და მისი გამოცდა პარამეტრების დაზუსტების მიზნით. პროექტზე მუშაობის ამ ეტაპს მაკეტირება ეწოდება. მაკეტირების შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია პროექტის ცალკეული ნაკლოვანებების გამოსწორება, მისი სამომხმარებლო თვისებების დახვეწა და ა.შ. ელექტრონული მოწყობილობების კონსტრუირების როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ 40 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ თუ მეტნაკლებად რთული ელექტრონიკა პირველივე ჩართვისას იწყებს მუშაობას – ეს ავის მომასწავლებელია. მაკეტირება აუცილებელია ეტაპია.
მაკეტირება გულისხმობს სქემის შემადგენელი ყველა კომპონენტის ერთმანეთთან ელექტრულად მიერთებას, რაც გამტარების ერთმანეთზე მირჩილვით მიიღწევა. ამრიგად, დაგვჭირდება სარჩილავი, კალა და ფლუსი. პირველი ორის დანიშნულება თავისთავად გასაგებია. უკანასკნელი – ფლუსი კი იმისათვის არის საჭირო, რომ გამტარებიდან მოვაშოროთ ჟანგის თხელი ფენა, რომელიც ხელს უშლის სპილენძის გამტარის კალით დაფარვას. ფლუსის ერთერთ სახეობას წარმოადგენს კანიფოლი – წიწვოვანი ხეების გადამდნარი ფისი. ხშირად იყენებენ აგრეთვე  სხვა ნივთიერებების სპეციალურ ნეიტრალურ ნარევებსაც. სიტყვა „ნეიტრალური“ აქ ნახმარია იმის ხაზგასმისთვის, რომ ელექტრონულ მოწყობილობებში დაუშვებელია ფლუსის როლში სხვადასხვა მჟავების გამოყენება, რომლებიც სხვა შემთხვევებში წარმატებით ასრულებენ ფლუსის როლს. სარჩილავი კალაც არ არის მთლად კალა – იგი წარმოადგენს კალისა (Sn) და ტყვიის  (Pb) გარკვეული პროპორციის შენადნობს. ამგვარი შენადნობისაგან დამზადებულ ღრუ მავთულში სიღრუეს ავსებენ ფლუსით, დაახლოებით ისე, როგორც ეს ვაჟინიან კანფეტებშია და ასეთი სახით იყენებენ სარჩილავი სამუშაოებისათვის.


მაკეტირებისას არ არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული ზომებისა და ფორმების დაცვა. უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება იოლას გავიდეთ ე.წ. ობობას აწყობით, როდესაც მოყწობილობა ერთმანეთში გადახლართული მავთულებისა და ელექტრონული კომპონენტების ფანტასტიური შესახედაობის აბურდულ ერთობლიობას წარმოადგენს.
ნახატზე მოცემულია ერთერთი ასეთი „ობობა“, რომელიც პუბლიკაციაში „ძრავების მართვა“ განხილული რობოტის რეალიზაციას წარმოადგენს.

ზოგჯერ მაკეტირებისას საჭირო არის ცალკეული კომპონენტების ერთმანეთის მიმართ გარკვეული წესით და გარკვეულ მანძილზე განლაგება. ასეთ შემთხვევაში „ობობა“ აღარ გამოდგება – საჭირო ხდება სპეციალური სამაკეტო დაფების გამოყენება. ასეთი დაფები წარმოადგენენ ტექსტოლიტისაგან დამზადებულ ნაბეჭდ დაფებს, რომლებზეც განლაგებულია ერთმანეთისაგან იზოლირებული სპილენძის კილიტის ნახვრეტებიანი სარჩილავი მოედნები. ნახვრეტებს შორის მანძილი 2.54 მილიმეტრია, ანუ, სწორედ იმდენი, რამდენიც მიკროსქემების უმრავლესობის  გამომყვანებს შორის მანძილი. ელექტრონული კომპონენტების ამ ნახვრეტებში ჩამაგრებული  გამომყვანები დაფის ორივე მხრიდან შეიძლება მირჩილული იქნენ ნახვრეტების სარჩილავ მოედნებთან და შემდეგ გამტარებით გარკვეული წესით მიერთდნენ ერთმანეთთან.

მაკეტირებას საგრძნობლად აიოლებს სპეციალური სამაკეტო დაფების გამოყენება, რომლებიც არ საჭიროებენ სარჩილავის გამოყენებას. ასეთ დაფებს ინგლისურენოვან ლიტერატურაში “Solderless Breadboard” უწოდებენ.


6 responses to “მოდელირებიდან – მაკეტირებაზე

  1. კარგი ბლოგია, აუცილებლათ გამოვაქვეყნებ სტატიებს თუ შესაძლებელი იქნება.

  2. sad viyido breadboard saqartveloshi?

    • მაღაზია “D.A.C. ელექტრონული კომპონენტები”. თბილისი. ალ.ყაზბეგის გამზ.7 (ყოფილი პავლოვის ქ. საბურთალო)
      ტელ: 299-09-29 Emal: info@dac.ge

      როგორც მახსოვს, ყვალაზე იაფი breadbord-ი ღირს 22 ლარი. აქვე იყიდება შემაერთებელი გამტარების კომპლექტები bredboard-თვის, მაგრამ უაზროდ ძვირია, ჯობია ჩვეულებრივი ერთმაგი მავთულისაგან გააკეთო.
      აქ ბევრი სხვა რამეც იყიდება, მაგრამ შედარებით ძვირია. კომპონენტებისა და ინსტრუმენტების მაღაზიების მისამართებს ცალკე გამოვაქვეყნებ. როგორც ვიცი, breadboard-ი სხვაგან არ იყიდება.

  3. კარგი იქნება,თუ ელემენტების ბაზად ARDUINO–ს ფირმა იქნება გამოყენებული. რაც შეეხება დეტალებს, გამოწერა გაცილებით იაფია,ვიდრე მათი პავლოვზე შეძენა. მაგ.ATTYNI 2313 MINIMUM 8–მაგ ფასად იყიდება

დატოვეთ კომენტარი